28 ივნ 2026
ის, გიორგი პატარიძის განცხადებით, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ორშაბათს მისი ექიმი მოინახულებს, დეტალურად გასინჯავს, შემდეგ კი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შედგება შეხვედრა, სადაც მკურნალობის ტაქტიკა დაიგეგემება, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ ელენე ხოშტარიას ექიმებთან, მაკა იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, 29 ივნისს კვლავ მოხდება მსჯავრდებულის დეტალური გამოკვლევა, რის შემდეგაც მოხდება მკურნალობის ტაქტიკაზე მსჯელობა.
„პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მაკა იოსელიანს. გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი, დეტალურად განვიხილეთ ყველა ის შემდგომი პროცესი, რაც საჭირო იქნება მსჯავრდებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ორშაბათს ქალბატონი მაკა კვლავ განახორციელებს ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებაში, მოინახულებს მსჯავრდებულს და შემდგომ უკვე დაიგეგმება მკურნალობის ტაქტიკა, დამატებითი კვლევების და სხვა თანმდევი პროცედურების. როგორც აღვნიშნე, ქალბატონი მაკა დაწესებულებაში შევა ორშაბათს, კვლავ მოხდება მსჯავრდებულის უფრო დეტალური გამოკვლევა. ამის შემდგომ შევიკრიბებით სამედიცინო გუნდთან ერთად ქალბატონ მაკასთან, გვექნება გასინჯვის შემდგომი განხილვა და მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვის პროცედურები“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ და აღნიშნა, რომ პერსონალური მონაცემების გათვალისწინებით დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანის საკითხს, როგორც გიორგი პატარიძემ განმარტა, საკითხი მას შემდეგ დაზუსტდება, რაც ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი მოინახულებს.