პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

26 ივნ 2026

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მისი ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, რაც შემდგომ დაზარალებულის ოჯახის წევრთან გაავრცელა.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.