26 ივნ 2026
ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი, თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეფექტიანობის დეპარტამენტის 1-წლიანი მუშაობის შედეგად, მთავრობამ მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვა შეძლო, რაც ისევ ქვეყნის განვითარებას მოხმარდება.
„წარმოგიდგენთ ყოველწლიურ ანგარიშს სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე. ეს ანგარიში მოიცავს გასული წლის მეორე ნახევარს და მიმდინარე წლის პირველ ნახევარს, როგორც ეს დადგენილია ჩვენი კონსტიტუციითა და კანონმდებლობით.
ანგარიში თავისი შინაარსით ძალიან მოცულობითია და დროის სიმცირიდან გამომდინარე მე საშუალება მექნება, დღეს წარმოგიდგინოთ ამ ანგარიშის ძირითადი საკვანძო ასპექტები.
შარშანდელი წელი იყო გარდამტეხი მთავრობის საქმიანობაში სხვადასხვა თვალსაზრისით. ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს მთავრობის საქმიანობაში. ამ წლის განმავლობაში, თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა და ეს იყო მთავარი გარდამტეხი ცვლილება, რაც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით. ეს საკადრო ცვლილებები ეხებოდა უშუალოდ სამთავრობო და მთავრობასთან დაკავშირებულ უწყებებს, მათ შორის, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობაში შეიქმნა ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც აქტიურადაა დაკავებული ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფით.
2025 წელს დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად გადაიხედა 115 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები, საიდანაც დაიზოგა 67 მლნ ლარზე მეტი. ეს არის ის თანხა, რომელიც ისევ ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს. 2026 წელს, დეპარტამენტის საქმიანობიდან მიღებულმა პირდაპირმა ეკონომიამ შეადგინა 67 მლნ ლარი, ხოლო ეკონომიამ მონიტორინგის შედეგად კორექტირებული ტენდერებიდან - 34 მლნ ლარი. ჯამში, ეს არის 101 მლნ ლარი. ეს არის ამ 1 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგი. ასევე ამ დეპარტამენტის ჩართულობით შეიქმნა ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდელი, რაც უზრუნველყოფს შესყიდვების პროცედურების სრულ გამჭვირვალობას და ა.შ. ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელიც აჩვენებს იმას, თუ რამდენადაა შეცვლილი მიდგომა, დამოკიდებულება სახელმწიფოს მართვის მიმართ,“- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის განმარტებით, საქართველოს მთავრობა მუშაობს სრულად გამჭვირვალედ, ყველა სამთავრობო აქტი ქვეყნდება, გამჭვირვალობა არის ნებისმიერი მანკიერებისგან დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.
მისივე განცხადებით, კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხვრილი და დამარცხებული.
"კიდევ ერთხელ შემიძლია შევთავაზო ნებისმიერ ადამიანს, ოპონენტს თუ არაოპონენტს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ამ საანგარიშო პერიოდიდან, გასული წლის ივნისიდან კორუფციასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე ეჭვები და თითოეული ჩვენგანი ბოლომდე ვაგებთ პასუხს. ასეთი კითხვა არაერთხელ დაისვა ჩემი მხრიდან, მათ შორის დებატების დრო, თუმცა ოპონენტებმა ვერცერთი ასეთი ფაქტი ვერ წარმოადგინეს, რაც ჩვენთვის არის იმის უტყუარი ნიშანი, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული. რა თქმა უნდა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის საჭირო მუდმივ რეჟიმში, განსაკუთრებით ქვედა დონეზე და ბუნებრივია, მთავრობა საკუთარ ყურადღებას არც მომავალში მოადუნებს ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებული და ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი გასული ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.