25 ივნ 2026
მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს ბათუმში დილიდან სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება. ზღვისპირა ქალაქი ამჯერადაც მასშტაბურად აღნიშნავს მეზღვაურთა დღეს.
საზეიმო ღონისძიებები საზღვაო აკადემიის კურსანტების მსვლელობით დაიწყო. მათ ცენტრალური პარკიდან მემედ აბაშიძის ქუჩის გავლით მარში მოაწყვეს და იუნკერების საფლავი გვირგვინით შეამკეს. მეზღვაურთა დღესთან დაკავშირებით, ევროპის მოედანზე საბავშვო-შემეცნებითი სივრცეები მოეწყო, სადაც მთელი დღის განმავლობაში გასართობი აქტივობები იმართება.
18 საათზე ჩანიშნულია ჯგუფ სალიო და ბენდის კონცერტი. საღამოს კი დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება, სადაც საზეიმო ვითარებაში დასახელდებიან ადამიანები, რომლთაც საზღვაო სექტორის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით.
საქართველოს საზღვაო სექტორი კი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა.
დღეისათვის ქვეყანას 21 000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური ჰყავს.