ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს UNESCO-ს პატრონაჟი მიენიჭა

21 ივნ 2026

„ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს“ UNESCO-ს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის პატრონაჟი მიენიჭა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს ოფიციალური წერილით მიმართა.

მინისტრის მოადგილემ ბოლქვაძეს გადასცა UNESCO-ს აფრიკისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში გენერალური დირექტორის თანაშემწის, ლიდია არტურ ბრიტოს წერილი და შესაბამისი ინსტრუქცია, რომელიც ფესტივალის ფარგლებში ორგანიზაციის სახელისა და ლოგოს - „ UNESCO-ს ​ პატრონაჟით“ გამოყენების წესებს განსაზღვრავს.

როგორც აჭარის კულტურის მინისტრმა განაცხადა, მაღალი კონკურენციის პირობებში ფესტივალი უწყვეტად იღებს იუნესკოს პატრონაჟს, რაც ფესტივალის მნიშვნელობას და საერთაშორისოდ აღიარებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ფესტივალი ჩამოყალიბდა, როგორც პლატფორმა ახალგაზრდებისთვის, რომელიც მათ კარიერულ წინსვლაში ეხმარება. წელს ფესტივალი ბათუმში 21 დან 26 ნოემბრამდე ჩატარდება. იგი 2013 წელს ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდმა „ლირამ“ დააფუძნა.

UNESCO-ს ​პატრონაჟი წარმოადგენს ორგანიზაციის უმაღლესი დონის აღიარებას, რომელიც განსაკუთრებული კულტურული და სახელოვნებო მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტებს ენიჭება.