დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტეში გადასახადები არ იქნება

21 ივნ 2026

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში გავლისთვის გადასახადი არ იქნება. დონალდ ტრამპის თქმით, გადასახადი არ დაწესდება არც 60 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდის დასრულების შემდეგ გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეთანხმების შეუსრულებლობის გამო მას თავად აშშ არ დააწესებს საკუთარი მიზნებისთვის და იმ მომსახურებისთვის, რომელიც შტატებმა გაუწია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, როგორც მფარველმა ანგელოზმა წარსული, აწმყო და მომავალი ხარჯების ანაზღაურების მიზნით. 

ცნობისთვის, 20 ივნისს ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურეს.

ირანის შეიარაღებული ძალების განცხადების მიუხედავად, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემები კვლავ გადაადგილდებიან და შაბათს სრუტეში 55-მა გემმა გაიარა.