20 ივნ 2026
ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ მიმდინარეობს. საოცრებათა პარკში საღამოს მუსიკალური პროგრამა დაიწყო და ამ წუთებში მაყურებლის წინაშე სხვადასხვა ბენდები გამოდიან. პროგრამის ფარგლებში სცენაზე „მიქსტურა“, „ურსა“, „კახაბერი და ხანუმები“ და „სინთეზი“ წარსდგებიან. ფესტივალი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობით გაგრძელდა.
მოეწყო საგამოფენო და გასართობი სივრცეები, ლაუნჯ-ზონები და კაფე-ბარები, სადაც ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა აქვთ. ფესტივალის ფარგლებში იმართება ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც, რომელშიც 150-მდე მეწარმეა ჩართული.
ფესტივალის სივრცე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ოჯახის წევრებთან ერთად მოინახულა. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ბათუმის მერი. მათ საფესტივალო სივრცე დაათვალიერეს და მიმდინარე აქტივობებს გაეცნენ.
„ზაფხულის ფესტივალი“ ბათუმში ხვალაც გაგრძელდება. ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.