20 ივნ 2026
ბოლივიის პრეზიდენტმა ანტისამთავრობო აქციების დაწყებიდან 50 დღის შემდეგ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როდრიგო პასის თქმით, საგანგებო მდგომარეობის მიზანი არ არის ადამიანის ცხოვრების შეზღუდვა, არამედ ის მიზნად ისახავს ხალხისთვის თავისუფლების დაბრუნებასა და ბოლივიის გათავისუფლებას მათგან, ვინც პოლიტიკურ კონფლიქტებს გზების გადაკეტვისა და მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებისთვის იყენებს.
პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დეკრეტი ხელისუფლების კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს აფართოებს წესრიგის აღსადგენად, მათ შორის, უფლებას აძლევს, გამოიყენოს სამხედროები გზების ბლოკირების მოსახსნელად.
„როიტერის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში, თუმცა პრეზიდენტი ვალდებულია 24 საათის განმავლობაში აცნობოს კონგრესს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რის შემდეგაც პარლამენტს აქვს 72 საათი, რათა ეს ზომა დაამტკიცოს ან უარყოს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ბოლივიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის უდიდეს პროფკავშირთან მიღწეულია შეთანხმება, რომელიც დაძაბულობას შეამცირებს. ცნობისთვის, კონფლიქტი ბოლივიაში მაისში დაიწყო.
პროტესტის მონაწილეები, მათ შორის პროფკავშირები და ყოფილი პრეზიდენტის, ევო მორალესის მხარდამჭერი ჯგუფები, ეწინააღმდეგებიან როდრიგო პასის ეკონომიკურ რეფორმებს, მოითხოვენ მის გადადგომას, ხელფასების ზრდას და მკაცრი ეკონომიკური ზომების გაუქმებას.