აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

20 ივნ 2026

ტურისტული სეზონი ბათუმში ოფიციალურად გაიხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება ნავსადგურის ტერიტორიაზე გაიმართა. ცერემონიას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და უსაფრთხოებისა და რეგიონში  ტურისტული მზადყოფნის  შესახებ არსებული სიტუაცია გააცნეს.

ზურაბ პატარაძის თქმით, ვიზიტორებს რეგიონში განახლებული ინფრასტრუქტურა და  ახალი ტურისტული სერვისები დახვდებათ.  

რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით დამატებითი საპოლიციო და სამაშველო ძალები იქნება მობილიზებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, ზაფხულის განმავლობაში, ზღვისპირა ქალაქის ტერიტორიაზე, ცენტრალურ ქუჩებსა და ძირითად ტურისტულ ლოკაციებზე საზოგადოებრივ წესრიგს, ადგილობრივებთან ერთად, დედაქალაქიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან დამატებითი ეკიპაჟები უზრუნველყოფენ.

ზაფხულის სეზონზე შავი ზღვის აკვატორიაში ტურისტებისა და ადგილობრივების უსაფრთხოებას სამასამდე მაშველი უზრუნველყოფს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მაშველები ზღვისპირა ზოლში განახლებული აღჭურვილობით იქნებიან წარმოდგენილნი.