ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით „ზაფხულის ფესტივალი’’ იმართება

20 ივნ 2026

ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით „ზაფხულის ფესტივალი’’ იმართება. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოცრებათა პარკში დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა მიმდინარეობს, მოეწყო საგამოფენო და გასართობი სივრცეები, სადაც ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა აქვთ. 

ფესტივალის სივრცე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ოჯახის წევრებთან ერთად მოინახულა. ადგილზე იმყოფებოდნენ, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ბათუმის მერი.

მათ საფესტივალო სივრცე დაათვალიერეს და მიმდინარე აქტივობებს გაეცნენ. 

„ზაფხულის ფესტივალი“, რომელიც ბათუმში ტურისტული სეზონის გახსნის ტრადიციულ ღონისძიებად იქცა, წელსაც მრავალფეროვან პროგრამას აერთიანებს.

ფესტივალის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ლაუნჯ-ზონები და კაფე-ბარები, მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც 150-მდე მეწარმეა ჩართული.

სტუმრების განწყობაზე დიჯეი ზრუნავს. ფესტივალის მთავარი ნაწილი საღამოს 19:00 საათიდან დაიწყება, როდესაც მაყურებლის წინაშე ბენდები ‘’მიქსტურა’’, ‘’ურსა’’, ‘’კახაბერი და ხანუმები’’, და ‘’სინთეზი’’ წარსდგებიან.  

ფესტივალი ორ დღეს გაგრძელდება და მასზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.