ბათუმი ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიის მესამე ეტაპს მასპინძლობს

20 ივნ 2026

დღეს ბათუმში სტარტი აიღო წლის ერთ-ერთმა უმთავრესმა ღონისძიებამ, მსოფლიო ჩემპიონატის სერიის მესამე ეტაპმა ქვიშის ჭიდაობაში. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ჯემალ კილაძის ხელმძღვანელობით, არაერთი ისტორიული შედეგი აქვს დაფიქსირებული. ქვიშის მსოფლიო პირველ თამაშებზე ქართველმა მოჭიდავეებმა ოთხ წონით კატეგორიაში ოთხი მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონები ლევან ქელეხსაშვილი და დავით ხუციშვილი გახდნენ, ვერცხლის მედლებს კი დავით მარსაგიშვილი და მამუკა კორძაია დაეუფლნენ. ჩვენმა ნაკრებმა ორჯერ აჩვენა ისტორიული შედეგი და მსოფლიოს სერიებზე 4-დან 4-ვე წონაში ოქროს მედალი მოიპოვა.

აღნიშნული შედეგი 2019 წელს ბრაზილიასა და 2021 წელს საფრანგეთში დაფიქსირდა, როდესაც ოთხეულმა - ლევან ქელეხსაშვილის, დავით ხუციშვილის, დავით მარსაგიშვილისა და მამუკა კორძაიას შემადგენლობით, ისტორია დაწერა და სამშობლოში ოთხი ოქროთი დაბრუნდა. ბათუმის მოქმედი ჩემპიონის რანგში სამი ქართველი შეხვდება. ლუკა ჩხიტუნიძემ, იუზა ცერცვაძემ  და მამუკა კორძაიამ  ოქროს მედლები პორეჩის მსოფლიო მეორე სერიაზე მოიპოვეს.

მსოფლიო სერიების მესამე ეტაპს ბათუმის ქვიშის მოედანი მასპინძლობს. ფინალური შეხვედრები ხვალ გაიმართება.

გულშემატკივრებისთვის ტურნირზე დასწრება თავისუფალია.