20 ივნ 2026
ქართულმა ფილმმა „ვაზომოტორული რინიტი“ მადრიდის საერთაშორისო დამოუკიდებელი კინოს ფესტივალზე ჯილდო მოიპოვა. ჩვენება 19 ივნისს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, საერთაშორისო დამოუკიდებელი კინოს ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
ფესტივალს ესწრებოდნენ ფილმის რეჟისორი მიხეილ გაბაიძე, პროდიუსერი და ასევე მსახიობი თათია თათარაშვილი, რომელმაც ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. რაც შეეხება ჯილდოს, ფილმს „ვაზომოტორული რინიტი“ გადაეცა ნომინაციაში „საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი“.
აღსანიშნავია, რომ „ვაზომოტორული რინიტი“ დღემდე წარმოდგენილი იყო 200-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალზე მსოფლიოს ყველა კონტინენტზე და მიღებული აქვს 60-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო და პრიზი.
აგვისტოში „ვაზომოტორული რინიტი“ მონაწილეობას მიიღებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში გასამართი Film Invasion Los Angeles-ის პროგრამაში, სადაც ამერიკელ და საერთაშორისო მაყურებელს კიდევ ერთხელ წარუდგენს თანამედროვე ქართულ კინოს.