20 ივნ 2026
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა, რომლის მიზანიც მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ სამედიცინო აქციას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დაესწრნენ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რუხში გამართული აქცია იმ ფართომასშტაბიანი სკრინინგის კამპანიის ნაწილია, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა პრევენციული მედიცინის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დაავადებების ადრეული გამოვლენა ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.