„ზაფხულის ფესტივალი“ - ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებული აქტივობები ბათუმში

20 ივნ 2026

ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,ზაფხულის ფესტივალი’’ გაიმართება. საოცრებათა პარკში მოსამზადებელი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. 

საფესტივალო სივრცეში ეწყობა დეკორაციები, ლაუნჯ-ზონები და გამოფენა-გაყიდვისთვის განკუთვნილი სივრცეები. ორგანიზატორების ინფორმაციით, წელსაც უცვლელი რჩება ფესტივალის სლოგანი - „ზაფხული იწყება აქ“.

ფესტივალი დღეს 17:00 საათზე გაიხსნება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი და მოწვეული ბენდები იზრუნებენ. ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც 150-მდე მეწარმე მიიღებს მონაწილეობას.

„ზაფხულის ფესტივალი“ ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონის გახსნის ტრადიციული ღონისძიებაა და მასზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.