19 ივნ 2026
„ჩვენს მიერ მიღებული თითოეული საკანონმდებლო ცვლილება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ამავდროულად, ადამიანის უფლებების ევროპულ ქარტიასთან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. არჩილ გორდულაძე ასე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, მაიკლ ო’ფლაერტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.
გორდულაძის თქმით, მაიკლ ო’ფლაერტის ნებისმიერი განცხადება და კრიტიკა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს პროგრესს მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველყოფის კუთხით და გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში.
კომისარი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას უწევს: “უზრუნველყოს საკანონმდებლო ინიციატივის დროული მიღება და მისი პრაქტიკაში ეფექტიანი განხორციელება, რომლის მიხედვითაც ყველა სამართალდამცავ პირს ეკეთება მკაფიოდ ხილული, ინდივიდუალურად იდენტიფიცირებადი საიდენტიფიკაციო ნომერი; ასევე უზრუნველყოს, რომ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიებები იყოს სრულყოფილი და დროული.