18 ივნ 2026
ქობულეთის სასპორტო სკოლაში გაიმართა წარსულში ცნობილი მოჭიდავის, ჭიდაობაში საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ჯემალ მანელიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასპარეზობა ორ ასაკობრივ კატეგორიაში, - 2009-2011 და 2012-2014 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის ჩატარდა. შეჯიბრებაში აჭარის ყველა რაიონის წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთელი ფალავნებიც მონაწილეობდნენ. ჩემპიონობისთვის ასამდე ფალავანი იბრძოდა.
ტურნირი ათ წონით კატეგორიაში ჩატარდა. გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები, რომლებიც შესაბამისი სინჯის მედლებით, თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირი აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.