„დაიცავი ტყეში ქცევის წესები“ - სახელმწიფო ტყეებში 350 საინფორმაციო ბანერი განთავსდება

18 ივნ 2026

„დაიცავი ტყეში ქცევის წესები“ - ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით ტყეებში 350 საინფორმაციო ბანერი განთავსდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტებს საშუალება აქვთ საინფორმაციო ბანერზე QR კოდის საშუალებით, გაეცნონ ტყეში უსაფრთხოების წესებსა და იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობის და კოცონის დანთების დროს უნდა გაითვალისწინონ.

სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, გაუწმენდავ ტყეკაფებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. 

ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500-ლარამდე. 

ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს პატიმრობასაც.