ბათუმის „დინამომ“ „ტორპედო“ დაამარცხა და სამეულშია

18 ივნ 2026

ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის მეორე წრის ბოლო შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამოსთან“ 2:3 დამარცხდა და მეტოქეს სამეულში ადგილი დაუთმო. „რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული დაპირისპირება ბათუმელებმა კარგად დაიწყეს და დმიტრი მანდრიჩენკოს დუბლით დაწინაურდნენ.

ქუთაისელებმა შესვენებამდე დათო ბუკიას დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს.

მეორე ტაიმში სტუმრებმა უერდი მარას გოლით ორბურთიანი სხვაობა აღადგინეს. გიორგი არაბიძემ გოლით ქუთაისელებს თამაშის გადარჩენის იმედი შეუნარჩუნა, მაგრამ მასპინძლებმა ამ შანსით ვერ ისარგებლეს და დამარცხდნენ.

18 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“, რომელმაც ფიფას ბანის გამო, ვერავინ დაიმატა, 27 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ქუთაისის „ტორპედო“, რომელიც ზედიზედ მესამედ დამარცხდა, მეოთხე ადგილზე დაქვეითდა.