18 ივნ 2026
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ეხმაურება გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას კლინიკაში მედიკამენტების დეფიციტის არსებობის შესახებ და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის განცხადებით, კლინიკაში არ არსებობს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მედიკამენტების დეფიციტი. პაციენტებს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებათ ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და კლინიკა სრულად უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო რესურსებით.
"სამწუხაროა, რომ გარკვეული მედიასაშუალებისა და კონკრეტული ჟურნალისტის მიერ გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც აზიანებს სამედიცინო დაწესებულების რეპუტაციას და საზოგადოებაში ქმნის მცდარ წარმოდგენას კლინიკის საქმიანობის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს მიეწოდა ინფორმაცია და განემარტა, რომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედიკამენტების დეფიციტი არ არსებობს, მედიასაშუალება კვლავ დაჟინებით ავრცელებს საპირისპირო შინაარსის ინფორმაციას.
აღნიშნული გარემოებები გვაძლევს საფუძვლიან ეჭვს, რომ საკითხის გაშუქება სცდება საზოგადოების ობიექტური ინფორმირების ფარგლებს და შესაძლოა მიზნად ისახავდეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეპუტაციის ხელოვნურად შელახვას.
მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი პრიორიტეტი არის პაციენტების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ კლინიკის სერვისებით მოსარგებლე თითოეულ პაციენტს მიეწოდოს ხარისხიანი და დროული სამედიცინო მომსახურება"- აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.