ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

17 ივნ 2026

ევროპარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 436-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 145-მა.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის, დემოკრატიული რეგრესის, მზარდი რეპრესიის, არამართლზომიერი დაკავებების, შეუპოვარი მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის პირობებში.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი „მოუწოდებს უნგრეთის ახალ მთავრობას, მოხსნას მისი წინამორბედის მიერ დაკისრებული ბლოკადა ევროკავშირის მასშტაბით მოქმედ მიზნობრივ სანქციებზე ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ; მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, განიხილოს კოლექტიური მექანიზმები იმ შემთხვევებში, როდესაც ერთსულოვნება შეუძლებელია, ეფექტური და ერთიანი ევროკავშირის რეაგირების უზრუნველსაყოფად“.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „წუხს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გადაუდგამს არანაირი ნაბიჯი მისი ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული კურსის შესაცვლელად.

„ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი, ფაქტობრივად, ერთპარტიული პარლამენტია, რომელიც გაუაზრებლად ამტკიცებს საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელთა მიზანია პლურალისტური საპარლამენტო დემოკრატიის საფუძვლების მოშლა; შეშფოთებით აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს დე ფაქტო პარლამენტმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეიდან დროებით გასვლის შესახებ განაცხადა; კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან, ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის ჩათვლით, ვიდრე  საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს დემოკრატიულ რეგრესსა და რეპრესიას; მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, გაამყარონ ერთიანი და კოორდინირებული მიდგომა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მხოლოდ უკიდურესად აუცილებელ საკითხებამდე, ამავდროულად, შეინარჩუნონ და გააძლიერონ ჩართულობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, დამოუკიდებელ მედიასთან და აკადემიურ ინსტიტუტებთან; ვგმობთ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების დიპლომატების, პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების მიმართ მუდმივ აგრესიულ რიტორიკას; ხაზგასმით აღვნიშნავთ ევროპული ნორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული გზის პოპულარიზაციის გაგრძელების მნიშვნელობას საქართველოს მოსახლეობასა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულ პოლიტიკურ ძალებში. შეშფოთებით აღვნისნავთ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სხვა მოკავშირეების მიმართ აგრესიულ რიტორიკას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი „გმობს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მუდმივ მცდელობებს, პოლიტიკური ოპონენტების დევნის, არამართლზომიერი დაკავებისა და დაპატიმრების, მუქარისა და ფიზიკურ თავდასხმების ჩათვლით. გმობს პოლიტიკურ ოპონენტთა დაპატიმრებას საქართველოს დე ფაქტო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარის გამო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა, როგორც პოლიტიკური საჩვენებელი პროცესის ფორმა, რომლის მიზანი იყო, გზა გაეხსნა პოლიტიკურ ოპონენტთა შემდგომი დევნისა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვისთვის; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა შეუთავსებელია საქართველოს ვალდებულებებთან ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში“.

ევროპარლამენტი „მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ნიადაგზე დაპატიმრებული პირის, ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების ჩათვლით, დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლებისკენ“.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, რომლის დებულებები უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, მათ შორის თანასწორობის, დისკრიმინაციისგან დაცვის, განათლების, ჯანმრთელობის, გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების, აგრეთვე პირადი ცხოვრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებს“.

ამასთან, რეზოლუციაში ნათქვამია: „ვგმობთ „ქართული ოცნების“ მომხრე მედიასაშუალებების, მათ შორის „ტვ  იმედის“ , PosTV-ისა და „რუსთავი 2“ -ის როლს სისტემატური დეზინფორმაციის, შავი პიარის კამპანიებისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებაში ევროკავშირის, მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატების წინააღმდეგ;