მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისართან შეხვედრა გამართა 

17 ივნ 2026

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომისარ ცინ იჭის შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველო-ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკას და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს სხვადასხვა სფეროში.

გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნულ კომისიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ხაზგასმით აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეზე შენარჩუნება და ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ხოლო საქართველოს მხრიდან ერთიანი ჩინეთის პოლიტიკის მხარდაჭერა.