17 ივნ 2026
ბათუმში ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ გაიხსნება. ფესტივალი ტრადიციულად ანბანის კოშკის მიმდებარედ ,20-21 ივნისს გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ.
აღნიშნული სივრცე საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთვება, სტუმრების განწყობაზე კი მოწვეული და ადგილობრივი ბენდები იზრუნებენ.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენა-გაყიდვაც, რომელშიც 150-მდე მეწარმის ხელნაკეთი ნივთები და პროდუქტები იქნება წარმოდგენილი. ორი დღის განმავლობაში ფესტივალის ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი იფუნქციონირებს, რომლებიც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შესთავაზებენ.
როგორც ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ „ზაფხულის ფესტივალის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ, რომელიც ორივე დღეს საღამოს ხუთი საათიდან დაიწყება.