საქართველოს ეკონომიკის მინისტრი სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

16 ივნ 2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, იაგოდა ლაზარევიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველო-სერბეთის ეკონომიკურ კავშირებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების საკითხს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო გაზრდას.  

აღინიშნა, რომ სერბეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა მზარდია და პირდაპირი ავიამიმოსვლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურისტული ნაკადების სტიმულირებაში.