16 ივნ 2026
შეხვედრაზე ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკურ და დარგობრივ თანამშრომლობაზეც. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებობს დიდი პოტენციალი, რომელიც სრულად უნდა იქნას ათვისებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით, მისასალმებელია საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობის მიმდინარე პროცესი.
„უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს დიდი წარმატება ამ პროცესში, რამდენიმე საკითხია შესათანხმებელი და ამის შემდეგ უკვე ორივე მხარე მზად ვიქნებით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის და ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის. ეს შეთანხმება შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის, ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ქვეყნებს შორის, ინვესტიციების მოზიდვას ორივე მხარეს და ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას.
ასევე საუბარი გვქონდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე. საქართველო, „შუა დერეფნის“ განუყოფელი ნაწილია და მზად ვართ, გავაღრმაოთ პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი", - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს იმ მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ლიდერობით სერბეთის რესპუბლიკა ავლენს საქართველოს მიმართ.
„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტი და გამართული შეხვედრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-სერბეთის ურთიერთობების წინსვლაში და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ხალხებისა და საერთო ინტერესების საკეთილდღეოდ.
კიდევ ერთხელ მსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადო სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ალექსანდარ ვუჩიჩს საქართველოში ჩამობრძანებისთვის და მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ლიდერობით სერბეთის რესპუბლიკა ავლენს ჩვენი ქვეყნის მიმართ, საქართველოს მიმართ. მადლობა მას ამისთვის. სერბ ხალხს მინდა, ვუსურვო წინსვლა, წარმატება და ყოველივე საუკეთესო,“- აღნიშნა პრემიერმა.