მოხალისეთა ბანაკი

15 ივნ 2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან 35 ახალგაზრდა გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში გაემგზავრება, სადაც მომდევნო 5 დღის განმავლობაში მოხალისეთა მომზადების პროგრამის ფარგლებში სპეციალურ სასწავლო კურსს გაივლის.

მოხალისეთა ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ უკვე მეოთხე წელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ახალგაზრდებს აერთიანებს და მათთვის პრაქტიკულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს, რომლებიც სამოქალაქო უსაფრთხოების, გადარჩენისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებებს მოიცავს. 

ხუთდღიანი ინტენსიური კურსის განმავლობაში ქობულეთიდან ჩასული მონაწილეები შეისწავლიან თვითგადარჩენას, პირველად სამედიცინო დახმარებას, დრონების მართვას, საინჟინრო მომზადებას, ტოპოგრაფიას, კიბერუსაფრთხოებას, სამოქალაქო უსაფრთხოებასა და საცეცხლე მომზადებას.

პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში პრაქტიკული ცოდნის, კრიზისულ სიტუაციებში სწორი მოქმედების უნარებისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარება, ასევე, მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია.