ბათუმის ბოტანიკური ბაღიში  ტრადიციული ვარდების გამოფენა მიმდინარეობს

13 ივნ 2026

ბათუმის ბოტანიკური ბაღიში  ტრადიციული ვარდების გამოფენა მიმდინარეობს. დამთვალიერებელს შესაძლებლობა  აქვს  ნახოს გამოფენაზე წარმოდგენილი დეკორატიულ ყვავილოვან მცენარეთა შორის ყველაზე მომხიბვლელი, მიმზიდველი, ლამაზი და სურნელოვანი ვარდის 29 სახეობა და 350 კულტურული ფორმა ბოტანიკური ბაღის ვარდების საკოლექციო ნაკვეთში, რომელთაგან განსაკუთრებული დეკორატიული ღირებულებებით გამოირჩევიან: ჩაის ჰიბრიდები, პოლიანტები, მინიატურული, ხვიარა და  ფლორიბუნდას ტიპის ვარდები.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვარდის სახეობათა ინტროდუქცია დაარსებისთანავე, 1912-1914 წლებში დაიწყო.  ბოტანიკურ ბაღში ვარდების საკოლექციო ნაკვეთი 1959 წელს შეიქმნა,  დაიწყო აქტიურად  ვარდის ბიომორფოლოგიური და ეკოლოგიური თავისებურებების შესწავლის საფუძველზე, აჭარის ტენიან-კლიმატურ პირობებთან  შეგუებული, ხანგრძლივად მოყვავილე, მავნებლებისა და დაავადებების მიმართ გამძლე ახალი ჰიბრიდული ფორმების შემოტანა და გამრავლება.

წლის ნებისმიერ დროს ვარდების საკოლექციო ნაკვეთზე მნახველი იხილავს მოყვავილე ინდივიდებს, თუმცა ყვავილობის პიკი, როცა ყველა ფერთა გამა ერთადაა წარმოდგენილი მაისიდან სექტემბრამდეა. ვარდი დეკორატიული მებაღეობისათვის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურაა. ის გამოიყენება როგორც საქოთნე კულტურად, ასევე ბაღ-პარკების, საცხოვრებელი ეზოების, გზის პირების, ღობეების, ალპინარიუმების, ვერტიკალური გაფორმებისათვის.