10 ივნ 2026
ახალგაზრდა და კვალიფიციური მასწავლებლების მოზიდვის პროგრამა „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ მაღალმთიან აჭარაში გრძელდება. პროგრამის ფარგლებში 2026 წლის სექტემბრიდან მონაწილე პედაგოგების ყოველთვიური დანამატი 1000 ლარიდან 1250 ლარამდე გაიზრდება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებული ქვეპროგრამა მიზნად ისახავს ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
პროგრამის ფარგლებში სკოლებში ახალგაზრდა და კვალიფიციური პედაგოგები საქმდებიან იმ მიმართულებებით, სადაც სპეციალისტების საჭიროება განსაკუთრებით მაღალია.
კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან ინგლისური ენის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები.
ამ ეტაპზე პროგრამაში ჯამში 18 პედაგოგია ჩართული, მათ შორის 10 პედაგოგი ხულოს მუნიციპალიტეტში.