ბათუმში ახალი 21-ე საჯარო სკოლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

10 ივნ 2026

ბათუმში ახალი 21-ე საჯარო სკოლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტის მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად გაეცნო.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე თანამედროვე სტანდარტების სკოლა 1 400 მოსწავლეზეა გათვლილი. სასწავლო დაწესებულებაში მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, მუსიკალური და სხვა მრავალფუნქციური სივრცეები. შენობა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა და შენობის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა. ახალი სასწავლო წლიდან კი სკოლა შეძლებს მოსწავლეების მიღებას. 

აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 2026-2028 წლებში დაგეგმილია 30 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 70 სკოლის რეაბილიტაცია. 

მიმდინარე წელს კი აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით 25 სკოლის მშენებლობა და 50-მდე სკოლის სრული ან ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.