4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ 8 პირს საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდება

09 ივნ 2026

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ 8 პირს ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღურწკაიას საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდება - ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდებიან, გარდა ევა შანშიაშვილისა, ვინაიდან ის გირაოს სანაცვლოდ ისედაც თავისუფლებაში იმყოფება.

მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ უნდა დაამტკიცოს. აღნიშნულ პირებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც მათ ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდაო გახადეს.

აღნიშნულ ეპიზოდს 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა, 7-მა მათგანმა - ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა, ია დარახველიძემ, ზაქრო ალბუთაშვილმა, დავით ჟღენტმა, კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ ბრალი არ აღიარეს. შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ.

ბრალდება გულისხმობს ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებასა და ბლოკირებას. ასევე ბრალდება 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.