საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია - პრემიერი

09 ივნ 2026

საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის გარე მტრების და მათი ადგილობრივი აგენტურის აგრესიისა და პოლიტიკური თავდასხმის მთავარი ობიექტი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. მათი მტკიცებით, ქვეყანა არა დემოკრატიული წესებით, არამედ ერთპიროვნულად, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. გარდა ამისა, ისინი დემოკრატიული წესით არჩეულ ხელისუფლებას „ივანიშვილის რეჟიმად“ მოიხსენიებენ, რითაც ცდილობენ 2012 წლიდან დამკვიდრებული დემოკრატია ავტოკრატიად წარმოაჩინონ. ამგვარი გზავნილები მოვისმინეთ შაბათის და გუშინ გამართულ სატელევიზიო დებატებზეც, რის შემდეგაც გადავწყვიტე, ამ საკითხზე ქართული საზოგადოების წინაშე ჩემი პოზიცია გამომეხატა.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია. რამდენჯერმე ვთქვი და ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს.

სწორედ ამ ორმა თვისებამ შეაძლებინა მას 2012 წელს ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა: გროსმეისტერულად ჩამოეშორებინა ძალაუფლებას უცხოური აგენტურა, რომელსაც ქვეყნის გარედან ყოველგვარ ძალადობაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. იმ დროს, როდესაც არ ჩანდა არავითარი ძალა, რომელიც უცხოური აგენტურის სისხლიან რეჟიმს კუთვნილ ადგილს მიუჩენდა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თეთრი ხელთათმანებით, ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე, რეჟიმი ძალაუფლებას ჩამოაშორა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას შემდეგ 14 წელიწადზე მეტი გავიდა და ეს ნდობა კიდევ უფრო განმტკიცდა იმით, რომ ამ ურთულეს წლებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტელექტმა და უკომპრომისო პატრიოტიზმმა საქართველოს მრავალი ურთულესი წინააღმდეგობის გადალახვის შესაძლებლობა მისცა.

„ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაა. ამ ფონზე, ქვეყნის გარე მტრებისა და მათი ადგილობრივი აგენტურის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს და ქვეყანაში ერთმმართველობაა დამკვიდრებული, სრული სიყალბეა და პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია. სწორედ ამიტომ, აუცილებლად მიმაჩნია იმის განმარტება, როგორია დღეს, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის მართვის პროცესში.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს წევრი. სწორედ ამ მოცემულობით წარსდგა მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ამ მოცემულობით მიიღო მან მყარი ნდობა ქართველი ხალხისგან. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არა მხოლოდ ფორმალიზებულია, არამედ უშუალო დემოკრატიულ ლეგიტიმაციასაც ეფუძნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება კორუფციის მიმართ უკომპრომისოა.

„მინდა, შეგახსენოთ, ბოლოს მას პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება კორუფციასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მიაღებინა. 2023 წლის დეკემბერში, პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას, მან გააკეთა მკაფიო მინიშნება კორუფციის პრობლემის შესახებ და სწორედ მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ გახადა შესაძლებელი, სწრაფად გვემოქმედა კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც მმართველობის ზედა დონეზე დღეს უკვე სრულად არის აღმოფხვრილი.

პოლიტიკაში უამრავია შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსებს ქვეყნის სიკეთე სახლში მიაქვს. ბიძინა ივანიშვილი კი ამის სრულიად საპირისპირო მაგალითია, რაც მან როგორც მრავალმილიარდიანი მეცენატური საქმიანობით, ისე პოლიტიკური ქველმოქმედებით მყარად დაამტკიცა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ქვეყნის ინტერესების პრინციპულად დაცვის გამო, მის მიმართ ამოქმედდა ჯერ დე ფაქტო, ხოლო შემდეგ – დე იურე სანქციები, რომლებიც მის ოჯახსაც დიდ უხერხულობას უქმნის. თუმცა, ვერცერთმა სანქციამ ვერ აიძულა ვერც ის და ვერც მისი ოჯახი, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადაედგათ. ესეც არის უანგარო პატრიოტიზმის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი, რომელიც მუდმივად თან სდევს ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.