სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე 1 400 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

09 ივნ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით,  გერმანიისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1 400 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის  261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.