ცვლილება მიგრაციის შესახებ კანონში

08 ივნ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტომ მიგრაციასთან დაკავშირებით მორიგი საკანონმდებლო ცვლილება შეიმუშავა.  საკანონმდებლო პაკეტი ბიუროს სხდომაზე დღეს  დარეგისტრირდა და 23 ივნისის სასესიო კვირაში  დაჩქარებული წესით განიხილავენ. შსს-ს ცნობით, ცვლილებები შეეხება უცხოელი სტუდენტის საქართველოში სწავლის რეგულაციებს, სასწავლო ბინადრობის ნებართვას, საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვას.

მთავრობის დადგენილებით საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაწესდება უცხოელი სტუდენტების მიღების მაქსიმალური კვოტა.

საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უცხოელი სტუდენტების აღრიცხვის წესების დარღვევისთვის, ხოლო სანქციის სახედ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ჯარიმა, ასევე უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა და ავტორიზაციის გაუქმება. 

ასევე საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქეობის ან  ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით. 

ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება სასამართლო სამართალწარმოების ნაწილში. კერძოდ, მცირდება გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები.