06 ივნ 2026
მიგრაცია, სამუშაო ადგილები, ჯანდაცვა და გაზიფიცირება — ეს იყო მთავარი საკითხები, რომლებზეც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ახალგაზრდებთან შეხვედრისას ისაუბრეს. რეგიონული კონფერენცია ამბროლაურში გაიმართა. შეხვედრას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ ცოტნე ივანიშვილი, მსახიობი ბექნუ ქაფიანიძე, მსოფლიო ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი, ასევე მსოფლიო ჩემპიონები ავთანდილ და ნიკოლოზ კენჭაძეები. ორგანიზატორების ინფორმაციით, ამბროლაურში გამართული ღონისძიება რეგიონული კონფერენციების ციკლის ფარგლებში რიგით მეცხრე შეხვედრაა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალგაზრდებთან შეხვედრებს უკვე მეორე თვეა მართავენ. მათი განცხადებით, შეხვედრების მიზანი ახალგაზრდების საჭიროებებისა და რეგიონებში არსებული გამოწვევების განხილვაა.