შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე - პრემიერი

04 ივნ 2026

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით,  მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

„დღეს გაიმართა მეორე შეხვედრა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.

ანუ, ამ შეხვედრაზე შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომელზეც დაიწყება უზრუნველყოფის კუთხით მუშაობა. კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ფარმაცეპტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით. შეიქმნება საგანგებო სამუშაო ჯგუფი, დაიწყება კონკრეტული სამუშაო პროცესი და მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც კონკრეტული მიზეზების გამო ახლა არ ვასახელებთ, თუმცა ამის შესახებ მშობლების სრულ წრეს ექნება სათანადო ინფორმაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.