03 ივნ 2026
Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი.
„ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის ზრდა პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაზე. ამ ფონზე, ჩვენ ვხედავთ სრულიად ახალ დინამიკას – განვითარების პროცესი სულ უფრო მეტად მოიცავს ზღვისპირა რეგიონებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის თანაბარი განვითარებისთვის. დღეს უკვე ჩვენი სანაპირო ზოლი იქცა ახალი შესაძლებლობების სივრცედ იმ პროექტებისთვის, რომლებიც უმაღლესი კლასის სტუმარმასპინძლობას, დასვენებასა და საინვესტიციო ღირებულებას ერთ კონცეფციაში აერთიანებს. სწორედ ამ სტანდარტს პასუხობს ქობულეთის სანაპიროზე დაგეგმილი ეს პროექტი, რომლის ღირებულება არის 300 მილიონი დოლარი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ხორციელდება ბათუმიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე, რაც ქობულეთს რეგიონის უმსხვილეს ტურისტულ ეკოსისტემაში აერთიანებს.
მისასალმებელია, რომ ამ წამოწყებაში გაერთიანდნენ სფეროს აღიარებული ლიდერები: ბაზრის წამყვანი ქართული კომპანია „არქი“, საერთაშორისო მასშტაბის ქართული დეველოპერი NEXT-ი და მსოფლიო გიგანტი – შვეიცარიული ბრენდი Swissôtel-ი. ამ თანამშრომლობით, დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ძალიან დიდი წარმატებით განხორციელდება.
პროექტის პარტნიორ კომპანია „არქის“ მიერ ბოლო პერიოდში დამყარებული უმსხვილესი საერთაშორისო თანამშრომლობა – როგორებიცაა პარტნიორობა The Trump Organization-თან თუ საცხოვრებელი ფართების მსოფლიო ლიდერ BI Group-თან, ჩვენი ქვეყნის მიმართ მკაფიო ნდობის მორიგი სიგნალია. საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ეკონომიკის შემდგომ განვითარებას.
"ჩვენ გამოვირჩევით მაღალი ეკონომიკური ზრდით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შეადგენდა საშუალოდ 9.3 %-ს და ეს ტენდენცია გრძელდება მიმდინარე წელსაც. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტენდენციის შენარჩუნება, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება და ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკის შემდგომ განვითარებას, ტურიზმის სექტორის შემდგომ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს, ბიზნესსექტორს ასეთი პროექტების განხორციელებაში. მინდა, მივულოცო პროექტის ავტორებს და პარტნიორებს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დაწყება და მინდა, ამ ძალიან მასშტაბური ჩანაფიქრის წარმატებით რეალიზება გისურვოთ", - აღნიშნა პრემიერმა.