ხვალ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართება

03 ივნ 2026

ხვალ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართება. ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.

ფორუმის მიზანია შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების დაძლევა და სამუშაოს მაძიებლების, დამსაქმებლების, ასევე უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეწყობა.

ღონისძიების ფარგლებში, რეგიონში მოქმედი 80-მდე წამყვანი კომპანია დაინტერესებულ პირებს 2000-მდე ვაკანტურ სამუშაო ადგილს შესთავაზებს როგორც ადგილობრივ, ისე საზღვაო შრომის ბაზარზე.

სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი კვალიფიკაციისა და დასაქმების სასურველი ხანგრძლივობის შესაბამისად, ადგილზე შეარჩიონ პოზიციები ადმინისტრაციული, მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებიდან.

ფორუმის მონაწილეები, უშუალოდ დამსაქმებლებისგან მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სამუშაო გარემოს, პირობებისა და კარიერული განვითარების შესახებ, ხოლო კომპანიის წარმომადგენლებთან პირისპირ გასაუბრებისას საკუთარი მონაცემების წარდგენით, მნიშვნელოვნად გაზრდიან დასაქმების შანსს.