ქართული ოცნების შეფასება

03 ივნ 2026

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ორ საკითხს გაუსვეს ხაზი საკუთარ განცხადებაში, სწორედ ეს არის დადასტურება საერთო ფასეულობებისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ამ ვიზიტმა ღირებულებით საკითხებზე დაადასტურა, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებს ვიზიარებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საერთო ინტერესები.

„მნიშვნელოვანია საერთო ინტერესები, იქნება ეს ეკონომიკური თუ სხვა სახის, უპირველეს ყოვლისა კი, ერთმანეთის ინტერესების აღიარება, საერთო ინტერესების ძიება და შეთანხმება. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, როდესაც ვაცხადებთ მზაობას ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, რომელიც დაფუძნებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე. დელეგაციის განცხადება სწორედ ამას ადასტურებს, რომ ჩვენი მიდგომები, ჩვენი წარმოდგენა ურთიერთობებთან დაკავშირებით ამ მხრივ რეალიზდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, პირველ ივნისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „აშშ ელოდება საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს“.