03 ივნ 2026
გარე ძალას როდესაც ემორჩილები და უყურებ, გარედან რას გეუბნებიან და ამის მიხედვით აწყობ შენს პოლიტიკურ დღის წესრიგს, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდები ზუსტად ამ მდგომარეობაში, სადაც დღეს რადიკალური ოპოზიცია აღმოჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები იმკიან იმას, რომ მოუსმინეს არა ქართველ ხალხს, არამედ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას.
„სახელმწიფო დეპარტამენტის საბოლოო განცხადებიდანაც ვნახეთ, თუ რა დამოკიდებულება აქვს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას დემოკრატიული პროცესების მიღმა ხელისუფლების შეცვლის მცდელობებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბოიკოტირების მიმართ. ეს არის, სადაც აღმოჩნდებიან ის ადამიანები, რომლებიც არა საკუთარ ამომრჩეველს უსმენენ, არამედ უსმენენ უცხო ქვეყნის ხელმძღვანელობას. რადიკალური ოპოზიცია ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყვანა პარლამენტიდან 2024 წელს, ბაიდენის ადმინისტრაციამ დააყრევინა რადიკალურ ოპოზიციას მანდატები და დღეს იმკიან იმას, რომ მოუსმინეს არა ქართველ ხალხს, არამედ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, „ლელოს“ წარმომადგენლებმა დღეს შეიცვალეს აზრი, რადგან ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა.
„სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციის და ბრიუსელის დამსახურებაა, რომ დღეს ისინი არიან ქუჩის რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც სცადა ძალადობით ხელისუფლების დამხობა. მათი ლიდერები დღეს სასჯელს იხდიან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისთვის და, მათ შორის, მათი ზოგიერთი მხარდამჭერი. ალბათ ეს არ იქნება მათთვის გაკვეთილი, მაგრამ ბევრისთვის საქართველოში უნდა იყოს გაკვეთილი. გარე ძალას როდესაც ემორჩილები და უყურებ, გარედან რას გეუბნებიან და ამის მიხედვით აწყობ შენს პოლიტიკურ დღის წესრიგს, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდები ზუსტად ამ მდგომარეობაში, სადაც დღეს რადიკალური ოპოზიცია აღმოჩნდა. „ლელოს“ განცხადებები ვნახეთ, დიდის ამბით, ახლა აღმოჩნდა, რომ „ლელო“ და სხვები ერთმანეთში ამ საკითხზე კამათობდნენ და თავად მანდატები რომ დაყარეს, ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნებით და მითითებით, დღეს შეიცვალეს აზრი, რადგან ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა. მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ყალიბდება და იცვლება იმის მიხედვით, თუ რას ეტყვიან გარედან, ამაზე მეტი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როდესაც პირდაპირ ეთერში ვუყურებთ ადამიანებს, ჯგუფებს, რომლებიც ჩვეულებრივად სთავაზობენ თავს სხვა ქვეყნებს, რომ იქნებიან მათი ემისრები საქართველოში და სთავაზობენ საქართველოს ლანგრით, რომ დაგვიჭირეთ მხარი, მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში და გავაკეთებთ იმას, რასაც დაგვავალებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.