ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა

02 ივნ 2026

პეტერ ფიშერი საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი სამწუხარო და დასანანია. ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ზოგიერთმა ქართველმა იცის, რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანება, სხვები ამბობენ, არ გამაჩნია უკეთესი ალტერნატივა, არ მსურს, ვიყო რუსი ან თურქი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, მხოლოდ სომხეთთან ერთად ყოფნა, შესაძლოა, არასაკმარისი იყოს..

გერმანიის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. "ბატონი პეტერის ამ ფრაზიდან ნათლად ჩანს, რომ იგი საკუთრივ ქართველად ყოფნას არასაკმარისად თვლის", - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 

პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში, ესაა გერმანიის ისტორიით დაღდასმული მგრძნობელობა, როდესაც წარსულის გაქრობა უფრო დიდ იდენტობაში გათქვეფით წარმოგიდგენია, და ეს მის ბოლო ინტერვიუშიც კარგად ჩანს.