02 ივნ 2026
ქართული მხარე უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ მზად არის რეალური, სტრატეგიული პარტნიორობის ნაბიჯების გადასადგმელად - ამის შესახებ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის რესურსი რომ არ არსებობდეს, აშშ ასე ინტენსიურად არ დაიწყებდა ამ ურთიერთობებს ბოლო ხანებში.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დელეგაციის წევრებმა საქართველოს მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა.
ინფორმაციის მიხედვით, შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს.