01 ივნ 2026
ბავშვების ჯანსაღი, ბედნიერი და ჰარმონიული განვითარებისთვის უსაფრთხო და მწვანე გარემოს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ბუნებასთან სიახლოვე დადებით გავლენას ახდენს როგორც მათ ფიზიკურ, ისე ემოციურ კეთილდღეობაზე. სწორედ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროექტ „თბილისის ურბანული ტყის“ ფარგლებში, ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, სპეციალური ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარები და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
პატარებისთვის მოეწყო ანიმატორების შოუ, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, რომლებმაც დღე განსაკუთრებულად სახალისო და დასამახსოვრებელი გახადა. პროექტი „თბილისის ურბანული ტყე“ მიზნად ისახავს დედაქალაქში მწვანე სივრცეების განვითარებას, ბუნების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოს შექმნას.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც ამ იდეის ნაწილია — შევქმნათ სივრცეები, სადაც ბავშვები უსაფრთხოდ, თავისუფლად და ბედნიერად გაიზრდებიან.