01 ივნ 2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ბათუმი მრავალფეროვანი კულტურულ-გასართობი პროგრამით აღნიშნავს. ცენტრალურ პარკში ღონისძიებები დილის 11 საათიდან დაიწყო და მასში ქალაქში მოქმედი სხვადასხვა ვოკალური, ინსტრუმენტული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე შემოქმედებითი სტუდიები მონაწილეობენ.
დღის განმავლობაში პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები ზრუნავენ, მოწყობილია სახის მოხატვის სივრცე, ასევე მიმდინარეობს ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში ბათუმის თოჯინების თეატრმა პარკში შეკრებილებს სპექტაკლები „წითელქუდა“ და „ოქროს წიწილა“ წარუდგინა. საღამოს კი სცენაზე სპექტაკლის „ოქროს გასაღების საიდუმლოება“ პრემიერა გაიმართება, რომლის რეჟისორია მანანა ხელაია. გასართობი ღონისძიებები ცენტრალურ პარკში 21:00 საათამდე გაგრძელდება.
ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის ინფორმაციით ღონისძიებებისთვის 49 ათას 766 ლარია გათვალისწინებული.