რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება მიეკუთვნება იმ კატეგორიის საგამოძიებო ღონისძიებებს, რომელიც უჭირთ ხოლმე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოებს - მდინარაძე

01 ივნ 2026

მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მისი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებს გასული დღეების განმავლობაში ჩატარებული ძალიან წარმატებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებებისთვის, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის ღონისძიებების გატარება - რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება, იმ კატეგორიის ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებებს მიეკუთვნება, რომელიც ძალიან უჭირთ ხოლმე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოებს.

„როგორც მოგეხსენებათ, სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ორი ადამიანიდან ერთს ბრალი ორი სხვადასხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციების მოპოვებაში ედება. ჯაშუშობაში და ჯაშუშური ქსელის ერთგვარ ლიდერობაში მხილება მეორე ბრალდებული, რომელიც თანხებსა და დავალებებს ქსელის წარმომადგენლებზე ანაწილებდა.

აღნიშნული პირი იმავე სახელმწიფოს ე.წ. ,,სპეცსამსახურის რეზიდენტს“ წარმოადგენდა ბრალდების მიხედვით, რომლის სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე კვირის წინაც დავაკავეთ ერთი ბრალდებული. ამას ნამდვილად მოჰყვა საკმაოდ პოზიტიური კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებს შორის, თუმცა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ორი დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად გაფრთხილებისა, წინა დაკავებების შემდგომაც არ შეწყვიტეს გარკვეული მოძრაობები ხსენებული მიმართულებით. იმედია, ამ შემთხვევაში მაინც იქნება სწორი დასკვნები გამოტანილი შესაბამისი სამსახურების თუ კონკრეტული პირების მხრიდან.

ყველამ უნდა იცოდეს რომ, დღეს ქართული სახელმწიფო, ქართული სპეცსამსახურები, ქართველი სამართალდამცველები და უსაფრთხოების სისტემა არის იმდენად ძლიერი, რომ მას შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ღონისძიებების ჩატარება - რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება, რაც იმ კატეგორიის ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებებს მიეკუთვნება, რომელიც ძალიან უჭირთ ხოლმე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.