ბათუმის საკრებულოს სხდომა - პოლიტიკური განცხადებები

29 მაი 2026

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ბათუმის მერისგან კვარტალური ანგარიშის წარდგენას ითხოვს. საკითხს დღეს ვაჟა დარჩია გამოეხმაურა. ლელო საქართველოსთვის წევრი აცხადებს, რომ გიორგი ცინცაძე  7 თვეა ბათუმის არჩეული მერია და ამ დრომდე იგი საკრებულოს წინაშე არ წარმსდგარა.

ვაჟა დარჩიამ ილიაუნის სტუდენტების საქველმოქმედო აქციაზე  გაამახვილა ყურადღება და დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მდგომარეობაზე ისაუბრა. ასევე განცხადება გაკეთდა გორში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

მმართველი გუნდიდან საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს რომ შესაბამისი უწყების მხრიდან სამართალდამცველების გადაცდომაზე რეაგირება იყო მყისიერი და ადეკვატური, შესაბამისად მათი განცხადებით ამ თემაზე სპეკულაცია არის მიუღებელი.

"ნუ სარგებლობთ ადამიანების სევდითა და დარდით" - ასე გამოეხმაურა  დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების წამლით უზრუნველყოფის საკითხს ნერიმან ცინცაძე და ოპოზიციას მოუწოდა შეწყვიტონ ასეთ სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები.

საკრებულოს წევრებმა, ასევე ბათუმის საკალათბურთო გუნდს გუშინ მიღწეული გამარჯვება მიულოცეს.