27 მაი 2026
თურქეთში სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ოპოზიციის ლიდერის, ოზგურ ოზელის მიერ იზმირში ორგანიზებული აქციის დასაშლელად. კვირას, სპეცრაზმი დედაქალაქ ანკარაში, რესპუბლიკური სახალხო პარტიის შტაბ-ბინაში შეიჭრა, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და პარტიის წევრებს ძალის გამოყენებით შენობა დაატოვებინა - განაცხადა ოზელმა.
თურქული მედიის ინფორმაციით, აქციის დაწყებამდე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქის ცენტრალური „ჯუმჰურიეთის“ მოედნის დაკეტვის ბრძანება გასცა, რის გამოც სპეცრაზმი წყლის ჭავლით ცდილობდა შეკრებილი მომიტინგეების დაშლას.
ათასობით მომიტინგის წინაშე გამოსვლისას სასამართლოს გადაწყვეტილებით ოპოზიციური პარტიის ლიდერობიდან გადაყენებულმა ოზელმა პარტიის ყოფილ ხელმძღვანელს კილიჩდაროღლუს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მოიწვიოს პარტიის ყრილობა, რათა წევრებმა შეძლონ პარტიის ლიდერის არჩევა.
„მოიყვანეთ ვინც გინდათ დელეგატად და მოდით, ვიბრძოლოთ“, - თქვა მან და პირდაპირ მოუწოდა კილიჩდაროღლუს, რომ შაბათს, ეიდ ალ-ფიტრის დღესასწაულიდან „ერთ ან ორ კვირაში“ ჩაატაროს პარტიული პრაიმერი.
რესპუბლიკური სახალხო პარტიის წინააღმდეგ თავდასხმა სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს, ერდოღანის მთავარი პოლიტიკური მეტოქისა და პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, დაპატიმრებით დაიწყო, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დააკავეს.
„ერდოღანმა დააპატიმრა საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც მისი დამარცხება შეეძლო, ახლა ის ფაქტობრივად ხურავს იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც მისი დამარცხება შეუძლია. თურქეთი აღარ არის თანამედროვე დემოკრატიული რესპუბლიკა, ის ერთი კაცის რეჟიმად გადაიქცა“ - განაცხადა ოზელმა.