მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების მისალოცი წერილები

26 მაი 2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ორგანიზაციები, პოლიტიკური სუბიექტები და ლიდერები.  

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს.  - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან ვამაყობ ჩვენს ორ ერს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობით. - აღნიშნულია მისალოც წერილში.

ევროკავშირის წარმომადგენლობის და წევრი ქვეყნების საელჩოების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გულითადად ულოცავენ! ასევე  ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლობები აღნიშნავენ, რომ  „ამ მნიშვნელოვან დღეს, კვლავ ადასტურებენ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიომ. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად და ორივე ქვეყნისთვის მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად. მარკო რუბიო ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

სხვადასხვა ქვეყანა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დამოუკიდებლობის დღე მიულოცა პრემიერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. „აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციებს ეფუძნება, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ჩვენს ხალხებს შორის. “, - აღნიშნავს ილჰამ ალიევი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა  საქართველოს პრემიერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.  ნიკოლ ფაშინიანის მილოცვაში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება სომხეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. „ განსაკუთრებული კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო თქვენი ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში. - ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის მისალოც წერილში.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს და ქართველ ხალხს კეთილდღეობას უსურვებს.

„გასულ თვეს ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე თქვენი ვიზიტისას მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, ჩვენი მჭიდრო მეგობრობისა და სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, ემსახურება ჩვენი ხალხების, რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის ინტერესებს. “ - აღნიშნულია ერდოღანის მისალოც წერილში.

 

ჩინეთის პრემიერი ლი ციანის მისალოც  წერილში საუბარია ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზე. „ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება, ხოლო „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ორმხრივმა თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო. აღნიშნულია ლი ციანის მილოცვაში.

 

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ხორვატიის პრემიერ-მინისტრი. ანდრეი პლენკოვიჩის   მისალოც წერილში აღნიშნულია, ხორვატიის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას. „ ეს დღე წარმოაჩენს ქართველი ერის ურყევ ძალას, გამძლეობასა და მისწრაფებებს, რომელსაც უწყვეტ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ.

ირაკლი კობახიძეს მისალოც წერილს უგზავნის ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევი, რომელიც ორი ქვეყნის მრავალწლიან ისტორიულ და კულტურულ კავშირებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა აფასებს საქართველოსთან არსებულ კონსტრუქციულ თანამშრომლობას.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს სერბეთის პრემიერ-მინისტრი ჯურო მაცუტი. როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობა საერთო ინტერესის ყველა სფეროში ვითარდება.

დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზინდეტს მიულოცა ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე დენის ბეჩიროვიჩმა. მიხეილ ყაველაშვილმა მისალოცი წერილი მიიღო ბელგიის მეფე ფილიპესგან.   გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა და სხვა სამთავრობო პირებმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი.

ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის მერი მარიელ ბაუზერი 2026 წლის 26 მაისს ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აცხადებს.

როგორც მერი მარიელ ბაუზერის ბრძანებაშია აღნიშნული, ვაშინგტონი ქართველ ხალხთან და ქართულ დიასპორასთან ერთად აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს.

„ვინაიდან საქართველო საერთაშორისო საზოგადოების ღირებული წევრია დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობის, დინამიკური ეკონომიკური განვითარებისა და სტრატეგიული საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით; და ვინაიდან ამერიკაში ქართული თემის მემკვიდრეობა, ტრადიციები და მიღწევები მნიშვნელოვნად ამდიდრებს ჩვენი ადგილობრივი თემებისა და ერის კულტურულ მრავალფეროვნებასა და ეკონომიკურ სიძლიერეს; და ვინაიდან საქართველოს საელჩო აძლიერებს კოლუმბიის ოლქს თავისი იქ ყოფნით და ჩვენს თემებთან კულტურული ჩართულობით; და ვინაიდან ჩვენი ღირებული ურთიერთობებისა და კულტურული კავშირების პატივსაცემად ჩვენ ქართველ ხალხთან და ქართულ დიასპორასთან ერთად აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს: მე, ვაშინგტონის მერი 2026 წლის 26 მაისს ვაშინგტონში „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ ვაცხადებ“, – ნათქვამია ბრძანებაში.

1918 წლის 26 მაისი აღნიშნავს ქართველი ხალხის სურვილს     თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ - გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, გერმანია დგას ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს მომხრეა.

„გერმანია დღესაც, ისევე როგორც მაშინ, დგას ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს მომხრეა. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“- წერს დიპლომატი.

საქართველოში ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ელჩის თქმით, მიუხედავად გეოგრაფიული დაშორებისა, ორი ერი დაკავშირებულია უძველესი ისტორიით, საერთო დემოკრატიული პრინციპებითა და მტკიცე მეგობრობით, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული.

საქართველოში საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისივე თქმით, საფრანგეთი მხარს უჭერს, როგორც დღეს, ასევე მომავალში, ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას.

გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც საელჩო აღნიშნავს, გერმანია მხარს უჭერს მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ქართველი კოლეგისადმი გამოგზავნილ მისალოც წერილში აღნიშნავს, ისრაელი მზადაა, კიდევ უფრო გააღრმაოს ურთიერთობები და გააფართოოს თანამშრომლობა ყველა სფეროში.

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისა და პოლიტიკური დიალოგის მიმდინარეობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან, აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სერბეთში ვიზიტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა  ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში.

უაღრესად კმაყოფილი ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებითა და პოლიტიკური დიალოგის მიმდინარეობით.  მტკიცედ მწამს, რომ ერთობლივი ძალისხმევით მომავალშიც განვაგრძობთ  სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას.- აღნიშნულია წერილში.

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, საქართველოს პრეზიდენტს – ჯანმრთელობას, ოპტიმისტურ განწყობასა და წარმატებას, ხოლო ქართველ ხალხს მშვიდობას, კეთილდღეობასა და უზრუნველ მომავალს უსურვებს.

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისალოც წერილში პეტერ პელეგრინი აღნიშნავს, რომ ეს დღე სიმბოლურად განასახიერებს ქართველი ხალხის სიმტკიცეს, შეუპოვრობას და თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარებისკენ სწრაფვას.