25 მაი 2026
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის — „საქართველოს სინფონიეტას“ ისტორიული სამხრეთ ამერიკული საკონცერტო ტურნე წარმატებით დასრულდა. შემოქმედებითი მოგზაურობა, რომელმაც ბრაზილიისა და არგენტინის რესპუბლიკები მოიცვა, ორკესტრის სრული ტრიუმფითა და ადგილობრივი მსმენელის უდიდესი აღფრთოვანებით აღინიშნა. ტურნეს საზეიმო კულმინაცია და გრანდიოზული დასკვნითი აკორდი არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში, მსოფლიო მნიშვნელობის თეატრ Teatro Colón-ის ოქროს დარბაზში შედგა.
22 მაისს გამართული კონცერტი სიმბოლურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. კონცერტის პროგრამა სრულად ქართულ მუსიკას მოიცავდა, შესრულდა: სულხან ცინცაძის, გია ყანჩელის, ვაჟა აზარაშვილისა და ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოებები, ამასთან, საქართველოსა და არგენტინის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა. საზოგადოებამ ორკესტრის გამოსვლა ხანგრძლივი ოვაციებითა და ემოციებით მიიღო.
არგენტინაში საქართველოს საელჩოს უშუალო ორგანიზებით გამართულ შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ოფიციალური პირები და არგენტინაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ესწრებოდნენ.
სამხრეთამერიკული კულტურული მისია, რომელიც ქვეყნებს შორის დიპლომატიური, მეგობრული და შემოქმედებითი ხიდების განმტკიცებას ისახავდა მიზნად, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, აგრეთვე ბრაზილიასა და არგენტინაში საქართველოს საელჩოების ორგანიზებითა და ჩართულობით განხორციელდა.