23 მაი 2026
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,არსიანი“ ქ. ასტანაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ყაზახეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება. 25 მაისს ანსამბლი მცირე საკონცერტო პროგრამით წარსდგება საელჩოს მიერ დაგეგმილ ოფიციალურ მიღებაზე, რომელსაც დაესწრებიან ყაზახეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ყაზახეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. 26 მაისს, გაიმართება „არსიანის“ სოლო კონცერტი ქ. ასტანას სახელმწიფო თეატრ ,,ჟასტარის'' სცენაზე. ანსამბლი სპეციალური პროგრამით წარსდგება საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე. პროგრამა მოიცავს საცეკვაო და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიების მიზანია საქრთველოს ეროვნული იდენტობის გაძლიერება და ქართული კულტურის პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით. ყაზახეთში გამგზავრებამდე ანსამბლმა გენერალური რეპეტიცია გაიარა.