აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში

20 მაი 2026

წარმატებით იასპარეზეს ბათუმელმა მოკრივეებმა ქუთაისში გამართულ წარსულში ცნობილი ქართველი მოკრივის, აკაკი კაკაურიძის სახელობის ტრადიციულ, მე-15 საერთაშორისო ტურნირზე 19 წლამდე მოკრივეთა შორის.

შეჯიბრებაში 11 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ბათუმის კრივის აკადემიის წარმომადგენელმა, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონმა ნიკა პაპავამ, რომელიც 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ყველა ბრძოლა დამაჯერებლად ჩაატარა და ტურნირი ოქროს მედლით დაასრულა.

ნიკა პაპავა ზედიზედ მეორედ გახდა აკაკი კაკაურიძის სახელობის ტურნირის ჩემპიონი. ბათუმის კრივის აკადემიის სპორტსმენი უკვე მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე მონტენეგროში გაიმართება.

კიდევ ერთი ბათუმელი მოკრივე, რომელმაც ქუთაისში იასპარეზა, ლიზი პაპაშვილი გახლდათ, რომელმაც ტურნირზე ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.