„გვაქვს უთვალავი ფერითა“- კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

20 მაი 2026

რუსთაველის ეროვნულ თეატრში კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გვაქვს უთვალავი ფერითა“ გაიმართა. 

კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღე დიალოგისა და განვითარებისთვის, იუნესკოს  ინიციატივით, ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავება, მრავალფეროვნების აღიარება, თანასწორობის ხელშეწყობა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაა.

საღამოს ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარმოდგენილი იყო ნაწყვეტები თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრისა და ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლებიდან.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: დავით მაზანაშვილი და სიმფონიური ორკესტრი, მედოლე ბავშვთა ანსამბლი ნინოწმინდიდან, თეატრალური კვარტეტი, ნუკრი კაპანაძე, ნარგილე მეჰთიევა, მარინა საღარაძე,  ეკა კახიანი, თამარ გვერდწითელი და მურო გაგოშიძის „ცეკვის ლაბორატორია“.

 საღამოს განმავლობაში ყურადღება გამახვილდა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, როგორც კულტურათა თანაცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემის მაგალითზე.